სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "შეუმდგარი დიქტატორია", რომელმაც მთელი გამოსვლა მუქარას დაუთმო.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც ისევ და ისევ მუქარას დაუთმო მთელი თავისი გამოსვლა. ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ახალგარზრდებს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს და ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ის ამოცანა, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, რომ ჩვენ ის სწრაფად უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას.
კი, ზუსტადაც ივანიშვილი ემუქრებოდა გუშინ აბსოლუტურად ყველას და საგარეო კურსი შეიცვალა. მან თქვა - არა ევროკავშირს, კი ბიძინას", - ამბობს ვაშაძე.
გუშინ ივანიშვილს ქართული ოცნების კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა.
მან მმართველი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და კვლავ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა. ამასთან, ივანიშვილმა თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს".
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა რუსული კანონის ხელახლა ინიციირების მიზეზებზე. მან ამ საკითხების "საკანონმდებლო მოწესრიგების მნიშვნელობასა" და ოპოზიციის "დასუსტებაზე" ისაუბრა და ამტკიცა, რომ კანონის მისაღებად დრო "იდეალურად" შეარჩიეს.